2 თვის და 3 კვირის წინ
"ის საუკეთესოა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ" - დანი ოლმოს ინტერვიუ
"ის საუკეთესოა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ" - დანი ოლმოს ინტერვიუ

"ბარსელონას" 26 წლის ახალწვეულმა, დანი ოლმომ Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული ინტერვიუდან.

"როგორი გრძნობაა ისევ "ბარსელონას" მაისურის მორგება? ძალიან ბედნიერი ვარ. დაწყებას მოუთმენლად ველოდი, "ვალეკასზე" გამარჯვებაზე უკეთესი სტარტი კი რა იქნებოდა?! იქ "ბარსას" წლები არ ჰქონდა მოგებული, ამიტომ დასაწყისი იდეალურია."

"კლუბისა და მწვრთნელის მიზნები, მათი ხედვა, გამარჯვების წყურვილი ჩემსას ემთხვეოდა. აქ გასამარჯვებლად მოვედი. ამ მაისურით ტიტულების მოგება მინდა. ამ გუნდის ბოლომდე მჯერა. ჩვენ საამისო ფეხბურთელები გვყავს."

"რა განსხვავების შექმნა შემიძლია? მე კარზე მეტად დაგეშილი ვარ. ვარ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის წინ იხედება, აკეთებს ბოლო პასს, კომბინირებს სხვა მოთამაშეებთან ან შორიდან ურტყამს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, პოზიციის შენარჩუნებისა და მშვიდად ყოფნის ნაცვლად, რისი გაკეთებაც ასევე შემიძლია, მე შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი ვარ."

"ბარსელონას" ტიტულების მოგება შეუძლია. ამიტომ ვარ აქ. ბევრი ჩვენგანი ეროვნული ნაკრებიდან მოვდივართ. იმ თაობიდან, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა და ერთა ლიგაც მოიგო. არაესპანელი ფეხბურთელებიც მსოფლიო დონის არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ."

"ჰანსი ფლიკი ძალიან პირდაპირი მწვრთნელია, რომელიც ყოველთვის მზადაა შენს დასახმარებლად. ის ძალიან ამბიციურიცაა და თავში მხოლოდ მოგება უტრიალებს. გამარჯვებაა ერთადერთი რამ, რაც მას და მის სტაფს სურთ."

"ვეხმარები თუ არა ფლიკს თარგმნაში? გერმანული მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რაიმე მცირედი იქნება ასახსნელი, თანაგუნდელებს დავეხმარები."

"გერმანულ და ინგლისურ ენებზე ჰანსიმ მითხრა, რომ პედრის უფრო მეტად დავუკავშირდე და ხაზებს შორის ვიმოქმედო."

"საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ? ლუკა მოდრიჩი. ბავშვობის კუმირი? დიეგო ფორლანი."

შეგახსენებთ, რომ ოლმოში "ბლაუგრანამ" გერმანულ "ლაიფციგს" 55 მილიონი ევრო გადაუხადა. "ბარსას" მაისურით ჩატარებულ პირველ მატჩში დანიმ "რაიო ვალეკანოს" გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.


Facebook კომენტარები