"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "რეალ ვალიდოლიდთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
გერმანელ სპეციალისტს საუბარი მოუხდა როგორც მომავალი შეხვედრის, ასევე სატრანსფერო ფანჯრის შესახებაც. გთავაზობთ ფლიკის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"ყველაფერი ისეა, როგორც არის. სატრანსფერო ბაზარზე არასდროს ვფოკუსირდები ხოლმე. გუნდით ბედნიერი ვარ. "რაიოსთან" ბერნალს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. ის ძალიან დაგვაკლდება, რადგან 17 წლის ასაკში გასაოცრად თამაშობს."
"გრძელი სეზონი იქნება. ახლა მთელი ყურადღება გუნდსა და ჩვენი სამუშაოს შესრულებაზე მაქვს გადატანილი. კარგად მივდივართ. გუშინ დავისვენეთ, დღეს კი თამაშისთვის მოსამზადებლად ვივარჯიშეთ. გუნდი ძალიან კარგად ვარჯიშობს."
"როგორ შევცვლით მარკ ბერნალს? მარკ კასადოთი და ერიკ გარსიათი. ეს უკანასკნელი გუნდს არ დატოვებს. ერიკს დაცვაში უფრო ვაყენებ ხოლმე, მაგრამ თამაში მოედნის ცენტრშიც შეუძლია."
"შაბათს გავიგებთ, თუ ვის როდის ვეთამაშებით ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ."
"ყოველთვის ვამბობ, რომ ვიღებ იმას, რაც მაქვს. ჭორები მსმენია, მაგრამ ჯონათან ტა გუნდის წევრი არაა. როცა ფეხბურთელი მოვა, მასზე ფიქრს მაშინ დავიწყებ. ხვალინდელი მატჩისთვის 18 ფეხბურთელია ხელმისაწვდომი. ეს ბევრი არაა, მაგრამ ჩემთვის საკმარისია."
"იმედი მაქვს, რომ ფრენკი დე იონგს ოპერაციის გაკეთება არ მოუწევს. იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის და ნაბიჯებს წინ დგამს. ახლა უნდა მოვიცადოთ და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას დავაკვირდეთ. სამედიცინო შტაბი ფრენკის შესანიშნავად უვლის. მეტის თქმა სანაკრებო პაუზის შემდეგ შეგვეძლება."
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ლა ლიგაში 3-დან 3 მატჩი აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.