2 თვის და 3 კვირის წინ
დეკუს აუხდენელი სურვილები - ვისი შეძენა უნდოდა პორტუგალიელს
დეკუს აუხდენელი სურვილები - ვისი შეძენა უნდოდა პორტუგალიელს

2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას "ბარსელონასთვის" წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის. ზაფხულის დასაწყისში კლუბს გაცხადებული ჰქონდა, რომ მთავარ მიზნებად საყრდენი ნახევარმცველისა და მარცხენა გარემარბის დამატებას განიხილავდა, მაგრამ სექტემბერს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ორივე მათგანის გარეშე შეხვდნენ.

ნახევარმცველი "ბარსას" საერთოდ არ უყიდია, შემტევად კი პაუ ვიქტორი მოიყვანა, თუმცა, რა საკვირველია, "ბლაუგრანას" ქომაგებს სულ სხვა ვინმე ჰქონდათ მხედველობაში, როდესაც მარცხენა გარემარბს ელოდნენ. გაიჩარხა დანი ოლმოს ტრანსფერიც. "ლაიფციგიდან" შეძენილი ესპანელი ძალიან მაგრად იწყებს, ოღონდ მისი დამატება ევრო 2024-ის გამოძახილი უფრო გახლდათ, ვიდრე თავდაპირველი გეგმა.

კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორის, დეკუს აუსრულებელ სურვილებზე Mundo Deportivo წერს:

"დეკუს ზაფხულში ანდრე ონანას დამატება უნდოდა, მაგრამ ფინანსურად შეზღუდული იყო. იმისთვის, რათა საყრდენში ფულის გადახდა თავიდან აერიდებინათ, დეკუ ფლიკს დასთანხმდა, რომ ამერიკულ ტურნეზე მარკ კასადო და მარკ ბერნალი გამოეცადათ. ეს ექსპერიმენტი წარმატებული გამოვიდა.

რაც შეეხება მარცხენა შემტევს, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" ნიკო უილიამსის შეძენას ცდილობდა, დეკუს ფავორიტი ლუის დიასი გახლდათ."

საბოლოო ჯამში, კლუბის ფინანსურმა პრობლემებმა დეკუს არ მისცა საშუალება, თავისი ჩანაფიქრები განეხორციელებინა. ანდრე ონანა "ევერტონიდან" "ასტონ ვილამ" წაიყვანა, ლუის დიასი კი კვლავ "ლივერპულში" ასპარეზობს.

სხვათა შორის, ორივე ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონი დიდებულად დაიწყო. ონანას ანგარიშზე 2 გოლია, ხოლო კოლუმბიელი შემტევის მონაგარი 3 გოლს შეადგენს.


Facebook კომენტარები