"ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა თავის ახალ ინტერვიუში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეულის, დანი ოლმოს შესახებ ისაუბრა.
როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ზე ოლმო "ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაში მას შემდეგ ჩაჯდა, რაც პედრიმ გერმანიის ნაკრებთან ტრავმა მიიღო. ეს ბევრს აფიქრებდა, რომ ამ დუეტის ერთად თამაში შეუძლებელი გახლდათ, მაგრამ ლა ლიგის სტარტმა სულ სხვა რამ დაგვანახა.
სხვათა შორის, ოლმოს "ბარსაში" გადმოსვლა პედრის დამსახურებაც ყოფილა...
"მის ტრანსფერამდე, ოლმოს მივწერე, რომ "ბარსელონაში" წამოსულიყო. მასთან თამაში მინდოდა.
ისინი ამბობდნენ, რომ მე და ოლმო ერთად ვერ ვითამაშებდით... თუ მათ ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდება უნდოდათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან ამაზე ხშირად ვხუმრობდით. "არა, ვწუხვარ, ჩვენ ერთად ვერ ვითამაშებთ," - ასე ვამბობდით. ვიცოდით, რომ ზაფხულის მერე შეიძლება თანაგუნდელები გავმხდარიყავით და ეს იდეალური იყო.
მე და დანი ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ და მოედანზეც კარგად ვეწყობით," - თქვა პედრიმ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფის პირველ ტურში ხვალ სერბეთს ესტუმრება, კვირას კი შვეიცარიას დაუპირისპირდება.