"ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა Mundo Deportivo-სთან პირობა დადო, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მათ ინტერვიუს მისცემდა. ზაფხულში "ფურია როხამ" მართლაც მოიგო ევრო 2024, პედრიმ კი სიტყვა შეასრულა. ცნობილმა გამოცემამ ინტერვიუ დღეს გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს აღნიშნული ინტერვიუდან:
"ზაფხულში ხშირად ვლაპარაკობდით ოლმოს ტრანსფერზე. მასთან ერთად თამაში საკლუბო დონეზეც მინდოდა. ეს დიდი ფუფუნებაა. ვფიქრობ, დანის ორი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. მე იქამდეც ვიცოდი, რომ დანის აქვს ის გამორჩეული უნარები, რომელთა ნაწილი ხალხს ჯერ კიდევ არ უნახავს."
"ნიკო უილიამსი? მას ვეხუმრებოდით ხოლმე. თავის კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა, ამიტომ სიტუაცია რთული იყო. თუ მან დარჩენა გადაწყვიტა, ესე იგი, საამისო მიზეზიც ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ ნიკოს საქმე კარგად წაუვა. ნაკრებში მასთან ერთად ძალიან ვერთობოდით და მისი ბედნიერება ყველას გვაბედნიერებს."
"რაფინია? "ბარსელონაში" ყოველთვის ლაპარაკობენ იმაზე, რომ გუნდში ახალი ფეხბურთელი მოვა და ვინმეს სათამაშო დროს წაართმევს. ჩემი აზრით, რაფა არის ფეხბურთელი, რომელიც გარდა გოლებისა და ასისტებისა, ყველაზე მეტს შრომობს და მოედანზე მაქსიმუმს ტოვებს. ეს კი შესაბამისად უნდა დაფასდეს. რაფინია ჩემს გუნდში ყოველთვის მეყოლებოდა."
"გავი თავს კარგად გრძნობს. მას თითქმის ყოველდღე ველაპარაკები. მუდამ ვხედავ "სიუტატ ესპორტივაზე". პაბლო ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო ფორმას მალე დაუბრუნდეს. მას დამშვიდებისკენ მოვუწოდებ, რადგან ყველაზე ცუდი უკვე უკან მოიტოვა. ახლა იგი მოედანზეა და სიამოვნებას იღებს. გავისთან ერთად თამაშის რაც შეიძლება მალე განახლება მინდა, თუმცა მან ტრავმა ბოლომდე უნდა მოიშუშოს."
"რას ვითხოვ ამ სეზონისგან? ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ტრავმების თავიდან არიდებაა. ასევე ვეცდები, რომ გუნდს ყველაფერში დავეხმარო. როცა ევროზე ტრავმა მივიღე, ძალიან შემეშინდა. მუხლში ტკივილი ვიგრძენი და უმალ ის გამახსენდა, რაც გავის დაემართა."
"ზაფხულში ბევრი ვიშრომე, რომ დაზიანება მომერჩინა. ჩემი მიზანი ლა ლიგის პირველი ტურისთვის მზადყოფნა იყო და ეს შევასრულე. ამას ბევრი შრომა და ფიზიოთერაპია დასჭირდა."
"წვერი აუცილებლად უნდა გავიპარსო, რადგან როცა ამას არ ვაკეთებ, დედაჩემი ბრაზდება."
"ფეხბურთელი სხვა გუნდიდან, რომლის დამატებასაც ვისურვებდი? ერლინგ ჰოლანდი."
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველმა ახალი სეზონის ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში მან გოლითაც გამოიჩინა თავი.