როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" დაცვის ხაზი, რომელიც კლუბის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპონენტად ითვლებოდა, გაუთავებელმა ტრავმებმა საგრძნობლად შეასუსტა. ამას დაემატა რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან წასვლაც.
ამ ყველაფრის ფონზე, 33 წლის ინიგო მარტინესმა დაცვისთვის გაცილებით დიდი როლი მოირგო, ვიდრე აქამდე ქონდა. ახალი სეზონის სტარტიდან, ის და პაუ კუბარსი "ბლაუგრანას" დაცვის ხაზს შეუცვლელად ამაგრებენ, თანაც საკმაოდ წარმატებით.
მარტინესს, რომელიც კლუბს "ბილბაოდან" უფასო ტრანსფერის სახით შეუერთდა, კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომელიც გუნდში მის ყოფნას იმ შემთხვევაში ახანგრძლივებს, თუ ის ითამაშებს მინიმუმ 45 წუთს ბარსელონას თამაშების 60%-დან.
ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მარტინესი, სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე თვე კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება.
როგორც ირკვევა, "ბარსას" ინიგოს მიმართ სერიოზული გეგმები აქვს, ამას ისიც ცხადყოფს, რომ კლუბმა არაბული მხარისგან 5 მილიონიანი შეთავაზება უარყო და მცველის შენარჩუნება გადაწყვიტა. შესაბამისად, დიდია შანსი, რომ მარტინესს "ბლაუგრანამ" ახლო მომავალში გრძელვადიანი ხელშეკრულება შესთავაზოს.