2 თვის და 2 კვირის წინ
ფლიკმა "ბარსადან" 3 ფეხბურთელის გაშვება დაბლოკა
ფლიკმა "ბარსადან" 3 ფეხბურთელის გაშვება დაბლოკა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გუნდიდან ინიგო მარტინესის, ერიკ გარსიასა და ანსუ ფატის გაშვება პირადად დაბლოკა, - იუწყება Marca.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის მომეტებული ტრავმიანობა გახლდათ, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში იჩინა თავი. გარდა ამისა, ესპანელთა სამეულს ჰანსი ისედაც ენდობა.

წყაროს თანახმად, გარსია უკვე "ჟირონას" გზაზე გახლდათ დამდგარი და ტრანსფერს კატალონიური გუნდის თავკაცი, მიჩელიც ითხოვდა, თუმცა ფლიკის უარმა ყველაფერი ჩაშალა. უპირველეს ყოვლისა, გერმანელის არჩევანი რონალდ არაუხოს ტრავმამ განაპირობა, მაგრამ ჰანსის გარსიას მრავალმხრივობაც ძალიან მოსწონს. 

იქიდან გამომდინარე, რომ "ბარსამ" ლა ლიგის ფინანსურ ფეარ პლეიში საჭირო სივრცე ვერ იპოვა, და ანდრეას კრისტენსენიც დაიტრავმა, 23 წლის მცველი გუნდში დატოვეს.

არადა, ერიკით პორტუგალიური "პორტუც" იყო დაინტერესებული.

რაც შეეხება ინიგო მარტინესს, არაბული კლუბი მასში 5 მილიონ ევროს იხდიდა და 33 წლის უკანახაზელს "ბარსას" ხელფასსაც უნარჩუნებდა, მაგრამ ფლიკმა და დეკუმ ბასკის გაშვებაზე უარი განაცხადეს. არაუხოს დაზიანებამ თავისი წვლილი ამაშიც შეიტანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფატიმ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა, ამიტომ მომდევნო მატჩში, "ჟირონას" წინააღმდეგ მოედანზე შეიძლება სამივე ის მოთამაშე ვიხილოთ, რომლებიც გუნდში ფლიკის გადაწყვეტილების საფუძველზე დარჩნენ.


Facebook კომენტარები