"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ Barca One-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა.
პორტუგალიელს შეკითხვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, ნიკო უილიამსის შესახებ დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ მოარული ხმების თანახმად, ნიკო ბილბაოს "ატლეტიკში" თავისი სურვილით დარჩა, დეკუ ტრანსფერზე უარის მთქმელად თავად კლუბს ასახელებს.
"კიდევ ერთხელ გეტყვით. ჩვენ სათამაშო დონეზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენ გვყავს რაფინია, ფერანი და ანსუც (რომელიც პრესეზონზე ბრწყინვალე იყო) დაბრუნდა.
უფრო მეტიც, შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაში ლამინს, ფერმინსა და ოლმოსაც შეუძლიათ.
როდესაც ახალი ფეხბურთელი მოგყავს, ის ძალიან მაღალი დონის უნდა იყოს. დანი ოლმოს ტრანსფერმა მეტი ოფცია მოგვცა.
რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ სამიზნეებთან კონტაქტი არ გვქონია. მიუხედავად ამისა, კლუბის სხვა პრიორიტეტები გადამწყვეტი გამოდგა იმაში, რომ კიდევ ერთი გარემარბი არ შეგვეძინა," - თქვა დეკუმ.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, "ბარსა" ბასკური კლუბის ვარსკვლავს 2025 წლის ზაფხულში მიუბრუნდება.