რამდენიმე თვის წინ ესპანურ პრესაში აქტიურად წერდნენ, რომ "პარი სენ ჟერმენს" "ბარსელონადან" ლამინ იამალის წაყვანა სურდა. ფრანგული კლუბი ამისთვის დიდი ფულის გადასახდელადაც იყო მზად.
აღნიშნული ცნობები დაადასტურა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეულის, დანი ოლმოს აგენტმა.
"ერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ "ბარსელონამ" "პსჟ-ს" ლამინ იამალის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულზე უთხრა უარი. პარიზელები დაახლოებით 250 მილიონ ევროს იხდიდნენ," - თქვა ანდრე ბარამ.
რა გასაკვირია, 17 წლის სუპერტალანტს კატალონიურ გრანდში ხელშეუხებელ ფიგურად განიხილებენ.
არადა, "ბარსას" თანხმობის შემთხვევაში, ეს გარიგება სატრანსფერო რეკორდს მოხსნიდა. არც იმის შეხსენება დაგჭირდებათ, რომ მოქმედი რეკორდიც ასევე "ბარსელონადან" "პსჟ-ში" გადასულ ვარსკვლავს ეკუთვნის. 2017 წელს პარიზელებმა ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადეს.