"ჟირონასთან" 1:4 დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონას" ბოლო გოლის ავტორმა და მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, პედრიმ, ჟურნალისტებთან კლუბის საოცარ სტარტსა და ჰანსი ფლიკის ეფექტზე ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერები ვართ. ვიცოდით, რომ მატჩი ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა, ყველაფერი ბრწყინვალედ დავიწყეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ."
"ჰანსი ფლიკი ყოველთვის გვეუბნება, რომ მატჩის პირველივე წუთიდან უნდა ვიმოქმედოთ და აქტიური პრესინგი ვითამაშოთ. მაღალ ხაზზე თამაშის დროს პოზიციის შერჩევა კარგად გამოგვდის, სწორედ ასეთ მომენტში გაიტანა იამალმაც."
"ფლიკი ბრწყინვალე სპეციალისტია, ის გვეუბნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველი მატჩების მოგება. როდესაც სეზონის საწყის თამაშებში გამარჯვებას მოვიპოვებთ და ქულების თვალსაზრისით უპირატესობას მოვიპივებთ, შეგდეგში ტიტულების მოგება აღარ გაგვიჭირდება."
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიუძღვნა თავისი გოლი, ნახევარმცველმა შემდეგნაირად უპასუხა: "თამაშამდე ფლიკს ვუთხარი, რომ თუ გოლს გავიტანდი, მასთან ერთად აღვნიშნავდი და ასეც მოვიქეცი."
"წინა წლებში, სეზონებს ისე ვერ ვიწყებდით, როგორს ჩვენ გვსურდა. თუმცა ახლა, მწვრთნელი ძალიან გვეხმარება, რომ ფორმა შევინარჩუნოთ." განაცხადა პედრიმ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შემდეგ, "ბლაუგრანას" ანგარიშზე 5 გამარჯვებაა. კლუბი ამ მომენტისთვის, 15 ქულით ლიგის ცხრილს ლიდერობს.