2 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსელონა" იამალს სუპერკონტრაქტს უმზადებს
"ბარსელონა" იამალს სუპერკონტრაქტს უმზადებს

"ბარსელონაც" და ჟორჟე მენდეშიც შეთანხმებულნი არიან, რომ ლამინ იამალის კონტრაქტი უნდა გაუმჯობესდეს, - იუწყება Marca.

კატალონიური გრანდის გეგმით, გუნდის 19 ნომერი ახალ კონტრაქტს ხელს მაშინ მოაწერს, როდესაც 18 წლის გახდება. ხელშეკრულება 2030 წლის ივლისამდე იმოქმედებს.

ლამინი "ბლაუგრანაში" ახლა წლიურად მილიონ ევროზე მცირედით მეტს გამოიმუშავებს, განახლებული კონტრაქტით კი ისეთი ანაზღაურება ექნება, როგორიც სუპერვარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელს შეეფერება.

"ბარსაში" თავიანთი მომავლის დაშენება ისეთ ახალგაზრდებზე სურთ, როგორებიც იამალი, პაუ კუბარსი, ფერმინ ლოპესი და პაბლო გავი არიან. ლამინთან ხელშეკრულების განახლებაც ამ იდეას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ იამალის გამოსასყიდი თანხა მოქმედი კონტრაქტითაც მილიარდი ევროა. ეს ხელშეკრულება 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა, ვადა კი 2026 წელს გასდის.

ცნობისთვის, ესპანელმა შემტევმა სეზონი დიდებულად დაიწყო. 5 მატჩში მან თავი 3 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები