"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მარკ კასადომ Jijantes-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ შეკითხვას უპასუხა.
20 წლის ესპანელს იმაზეც ჰკითხეს, თუ რომელ ფეხბურთელს მოიყვანდა დღევანდელ "ბლაუგრანაში". მარკის პასუხი გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ.
"ერთი დღით რომ დეკუ ვიყო, "ბარსაში" ჰოლანდს მოვიყვანდი," - თქვა კასადომ.
მართალია, "ბარსელონას" ტექნიკურ დირექტორად განსხეულება მარკს ტრანსფერებზე მუშაობის საშუალებას მისცემდა, თუმცა კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძნელად სავარაუდოა, მას ერლინგის "მანჩესტერ სიტიდან" წამოყვანა მოეხერხებინა.
ბოლო კვირებში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წევრი ნორვეგიელთან თამაშის სურვილს გამოხატავს. აქამდე ეს პედრიმ გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ 24 წლის ცენტრფორვარდმა პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ფენომენალურად დაიწყო. 4 ტურში მას 9 გოლი აქვს გატანილი.