"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას მარცხით დაუბრუნდა. კატალონიელები "მონაკოსთან" სტუმრად დამარცხდნენ, ანგარიშით 2:1.
მატჩში "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ყველაფერი ცუდად მე-10 წუთიდან წავიდა, როდესაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ცუდი პასი გააკეთა, ორთაბრძოლაში ჩაბმულმა ერიკ გარსიამ კი "მონაკოს" ფეხბურთელზე ბოლო იმედის ჯარიმა აიღო და წითელი ბარათით დაისაჯა. აქედან 6 წუთში "თავადებმა" ანგარიში გახსნეს, თუმცა 28-ე წუთზე ლამინ იამალმა წონასწორობა აღადგინა.
გადამწყვეტი გოლი ჟორჟ ილენიხენამ 71-ე წუთზე შეაგდო და ჰანსი ფლიკს პირველი ოფიციალური მარცხი აგემა "ბლაუგრანას" თავკაცის რანგში.
წაგებული მატჩი შეხვედრის ანტიგმირმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შეაფასა.
"იმ მომენტში მე და ერიკმა ერთმანეთს ვერ გავუგეთ. მის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. 80 წუთის განმავლობაში 10 კაცით თამაში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ასეთი რამ არ უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ ფეხბურთისთვის ეს უცხო არ არის.
ეს წაგება ძალიან მტკივნეულია. ის, რომ აქიდან უქულოდ მივდივართ, ცუდ შეგრძნებებს ტოვებს," - თქვა ტერ შტეგენმა.
ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას კატალონიელები პირველ ოქტომბერს, "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.