2 თვის წინ
პროგნოზი: რამდენი ქულა დასჭირდება "ბარსას" ლიგის პლეი ოფში გასასვლელად
პროგნოზი: რამდენი ქულა დასჭირდება "ბარსას" ლიგის პლეი ოფში გასასვლელად

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის მარცხით დაწყებამ "ბარსელონას" ბევრი გულშემატკივარი აანერვიულა. კატალონიური გრანდის ქომაგებს კარგად ახსოვთ ახლო წარსულის ის ორი ავბედითი სეზონი, როცა მათ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფში ვერ გააღწიეს.

რა თქმა უნდა, ჯგუფური ეტაპის გაუქმებამ და ლიგის ფაზის შემოღებამ ამის ალბათობა გვარიანად შეამცირა, რადგან გათამაშებას პირდაპირ მხოლოდ 8 გუნდი ეთიშება, თუმცა Diario AS-მა მაინც გამოთვალა ქულების ის რაოდენობა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მშვიდად ყოფნისთვის უნდა აიღონ.

ესპანური გამოცემა წერს:

"დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ადგილის განაღდებას 17 ქულა ეყოფა, ხოლო 8 ქულა საკმარისი იქნება, რათა გუნდმა ასპარეზობა სატურნირო ცხრილის მე-9 და 24-ე პოზიციებს შორის დაასრულოს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, გუნდს 21 ქულის აღება შეუძლია."

ლიგის ფაზის დასრულებამდე "ბლაუგრანას" კიდევ 7 მატჩი აქვს ჩასატარებელი. ბუნებრივია, ყველას მოგების შემთხვევაში, კატალონიელები 21 ქულას მოიხვეჭენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 36-გუნდიანი ცხრილის 8 საუკეთესო გუნდი მერვედფინალის საგზურს პირდაპირ მიიღებს. მე-9 და 24-ე პოზიციებზე მყოფი გუნდები პლეი ინში დაწყვილდებიან და ორმატჩიან დუელებს გაითამაშებენ, რათა კიდევ 8 გუნდი გამოავლინონ, რომლებიც მერვედფინალს დააკომპლექტებენ. 25-32-ე პოზიციების დამკავებელი გუნდები ტურნირს ლიგის ფაზის დასრულებისთანავე დატოვებენ.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩში "ბარსა" "იანგ ბოიზს" უმასპინძლებს. შეხვედრა პირველ ოქტომბერს შედგება.


Facebook კომენტარები