გასულ სეზონთან შედარებით, ლამინ იამალისა და რობერტ ლევანდოვსკის ურთიერთობა შესამჩნევად გაუმჯობესებულია, - იუწყება Diario SPORT.
"ბარსელონას" შემტევებს ერთმანეთთან უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვთ. ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ, რობერტმა 17 წლის გარემარბს მისალოცი შეტყობინებაც მისწერა.
წყაროს თანახმად, ამაში დიდი როლი ჰანსი ფლიკმა ითამაშა. გერმანელმა სპეციალისტმა "ბლაუგრანას" ცხრიანს სთხოვა, ახალგაზრდებთან მეტი მოთმინება გამოეჩინა და იმასაც დაჰპირდა, რომ საჯარიმოში იგი ზუსტ გადაცემებს ბევრჯერ მიიღებდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კამერებმა ბევრჯერ დააფიქსირეს რობერტის აშკარა უკმაყოფილება იამალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 36 წლის ცენტრფორვარდი ბრაზს აშკარად გამოხატავდა, როცა ლამინი თამაშს თავის თავზე იღებდა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს გადაცემას უგვიანებდა.
როგორც ჩანს, ეს უსიამოვნებები უკვე წარსულის ნაწილია.
ცნობისთვის, ახალი სეზონი "ბარსას" ფორვარდებმა დიდებულად დაიწყეს. იამალის აქტივში 4 გოლი და 4 ასისტია, რობერტის მონაგარი კი 4 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას შეადგენს.