"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გამოჯანმრთელებისკენ და ექვსი თვის შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
დე იონგმა ჯოჭის მძიმე დაზიანება "ელ კლასიკოში" მიიღო, რომელიც აპრილში გაიმართა. მიუხედავად ამისა, კლუბი სიფრთხილეს იჩენს და ფრენკის სრული აღდგენის უზრუნველსაყოფად მისი მოედანზე დაბრუნების დრომ ცოტათი გადაიწია.
MD-ის ცნობით, დე იონგი "ბარსელონას" შემდეგ მატჩებს: ხეტაფესთან (ოთხშაბათი) და ოსასუნასთან (მომავალი შაბათი) გამოტოვებს.
სამაგიეროდ, ნიდერლანდელის პოტენციური დაბრუნება დაგეგმილია ჩემპიონთა ლიგის მატჩში "იანგ ბოისთან" ან ლიგის მატჩში "ალავესთან" 28 სექტემბერს.
როგორც ჩანს, "ბარსელონას" სურს, მცირე რესურსის ფონზე, მისი გუნდში ხელახლა ინტეგრირება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინოს.
მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი დე იონგის დაბრუნებით ძალიან ბედნიერია, ვინაიდან, ეს "ბარსელონას" ნახევარდაცვის სიღრმეს ძალიან გააძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველმა ტრავმის მოშუშების გზად ბუნებრივი რეაბილიტაცია არჩია და ქირურგიული ჩარევა თავიდან აიცილა, სწორედ ეს გახდა მისი დაგვიანების მთავარი მიზეზი.