მარკ ანდრე ტერ შტეგენის უმძიმესი ტრავმის შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი პრობლემა მისი შემცვლელის უმოკლეს ვადებში მონახვა გახდა. მედიაში გავრცელდა არაერთი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული წინადადება კლუბის მხრიდან ჯერ არც ერთ მათგანს არ მიუღია.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, პრესკონფერენციაზე "ბლაუგრანას" მეორე მეკარეზე, ინიაკი პენიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სათამაშოდ სრულიად მზადაა.
"ინიაკი პროფესიონალია, ის ძალიან ბევრს შრომობს და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. არ არის ადვილი, იყო გუნდის მეორე მეკარე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდუნების საშუალება გაქვს. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, ისე, როგორც ტერ შტეგენის შემთხვევაში ვიხილეთ."
"ის სათამაშოდ 100%-ით მზადაა და ჩვენ მისი გვჯერა. მალე გაიგებთ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბი." განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
მოგეხსენებათ, "ვილიარეალთან" მატჩში მიღებული მუხლის ტრავმის გამო ტერ შტეგენი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. "ბარსელონა" ამ მომენტისთვის მისი შემცვლელის ვარიანტზე აქტიურად მუშაობს. დიდი ალბათობით, ახალ კარის მცველს კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატებს.