როგორც გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების გათამაშებას "ბარსელონა" მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. კატალონიელებს "პარი სენ ჟერმენმა" ორი მატჩის ჯამში 6:4 მოუგო.
"პსჟ-ს" წინა სეზონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ აღნიშნულ დაპირისპირებას ეხება.
"ბარსას" ქომაგებში განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ფრანგების მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიერ თავისი ფეხბურთელებისთვის ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია. ფილმიდან ვიგებთ, რომ "ბლაუგრანასთან" ჯახის წინ, ლუჩომ მოთამაშეებს ასეთი რამ უთხრა:
"ბარსელონა" დომინანტი გუნდი აღარაა და თავს ვერ იცავს. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ! ისინი მხოლოდ გრძელი პასებით ამოდიან სიღრმიდან. ტერ შტეგენმა გრძელი პასების რეკორდი მოხსნა! "ბარსა" "ეიბარივით" თამაშობს."
ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლეგენდად მიჩნეული ადამიანისგან, რომელმაც გუნდს მწვრთნელის რანგში არაერთი ტიტული მოაგებინა, ამის მოსმენა განსაკუთრებით მტკივნეული იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ "პსჟ-სთვის" ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონი ნახევარფინალში დასრულდა. "ბარსელონას" დამმარცხებლები ასპარეზობას დორტმუნდის "ბორუსიამ" გამოთიშა.