2 თვის წინ
"მე დამადანაშაულეთ" -  ფლიკი "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ
"მე დამადანაშაულეთ" - ფლიკი "ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "ოსასუნასთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობის მიღმა ლამინ იამალი, რაფინია, პაუ კუბარსი, მარკ კასადო, ალეხანდრო ბალდე და ინიგო მარტინესი დატოვა, რამაც პამპლონელთა გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა.

წარუმატებელი როტაციისა და სხვა საკითხების თაობაზე გერმანელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"კარგი მატჩი არ ყოფილა. ბევრი შეცდომა დავუშვით. როტაციას მივმართე და შეიძლება შეცდომები ამის ბრალიც იყო, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა. სათამაშო ბევრია და ბევრი წუთიც გროვდება."

"ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პასუხისმგებლობა მე მაკისრია. სამშაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და სწორ გზაზე ვდგავართ.

"სანაკრებო პაუზის მერე ფეხბურთელები დაბრუნდებიან და უფრო დიდი არჩევანი გვექნება. როტაცია თავის გასამართლებელი მიზეზი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა."

"ფეხბურთელებზე ზრუნვა ჩემი ვალდებულებაა. ზოგიერთ მათგანს ზედმეტად ბევრი ჰქონდა ნათამაშები. მათი დასვენება აუცილებელი იყო."

"თუ ვინმეს დადანაშაულება გინდათ, მე დამადანაშაულეთ. მე დავუშვი შეცდომები. მე გადავტვირთე ფეხბურთელები და მათი დასვენებაც მე გავხადე საჭირო."

"ბლაუგრანას" ლა ლიგაში კვლავ 21 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა მადრიდის "რეალს" ჩამორჩენის 1 ქულამდე დაყვანის შანსი მიეცემა. "სამეფო კლუბის" მეტოქე "ატლეტიკო" იქნება.


Facebook კომენტარები