1 თვის და 3 კვირის წინ
ეს ულტიმატუმია - რა ბედი ელის დე იონგს
ეს ულტიმატუმია - რა ბედი ელის დე იონგს

"ბარსელონას" ფრენკი დე იონგისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ იცის, რომ ეს რთული იქნება, - იუწყება Mundo Deportivo.

კატალონიურმა გრანდმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარმცველს საკონტრაქტო შეთავაზება, რომელსაც საკმაოდ მომხიბლავად მიიჩნევს, ერთი წლის წინ გაუგზავნა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელი შუახაზელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ დათანხმდება, 2025 წლის ზაფხულში მას ტრანსფერზე დააყენებენ.

MD უფრო შორსაც მიდის და წერს, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება დე იონგის სათადარიგო მოთამაშედ ქცევას გამოიწვევს. არადა, ჰანსი ფლიკს მისი შესაძლებლობები ძალიან მოსწონს.

"ბლაუგრანაში" ასევე იციან, რომ დე იონგზე ძალიან იმოქმედა შემთხვევამ, როცა მისმა კონტრაქტმა პრესაში გაჟონა. ფრენკი ბოლოდროინდელ კრიტიკაზეც მძაფრად რეაგირებს, ამიტომ კლუბში ვერ ამბობენ, ექნება თუ არა მას ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი.

ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელი მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და 2 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები