დღეს გამთენიისას არგენტინის ნაკრებმა ბოლივიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა. ფანტასტიკური მატჩი ჰქონდა "ბარსელონას" ლეგენდას, რომელმაც თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჩაწერილ ინტერვიუში, ლეომ კარიერის დასრულების მოახლოვების შესახებ ისაუბრა.
"ჩემს მომავალთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული თარიღი არ განმისაზღვრავს. უბრალოდ მინდა, რომ ამ ყველაფრით ვისიამოვნო.
აქ ყოფნა და ხალხის სიყვარულის შეგრძნება ჩემთვის კიდევ უფრო ემოციურია, რადგან ვიცი, რომ ეს შეიძლება ჩემი ბოლო მატჩები იყოს. სწორედ ეს მავსებს ენერგიით. მივიღო სიამოვნება იქამდე, სანამ ეს შემეძლება.
მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქ ყოფნისას თავს ბავშვად ვგრძნობ, რადგან გუნდში ძალიან კომფორტულად ვარ," - თქვა ლიონელმა.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის სუპერვარსკვლავმა "ინტერ მაიამისთან" ერთად MLS-ის რეგულარული სეზონის აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეცაა წარდგენილი.
რაც შეეხება "ალბისელესტეს", არგენტინელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამხრეთ ამერიკული ზონის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.