4 კვირის წინ
"ეს შეიძლება ფინალიც ყოფილიყო" - რაფინია "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
"ეს შეიძლება ფინალიც ყოფილიყო" - რაფინია "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში მიუნხენის "ბაიერნს" 4:1 მოუგო. კატალონიელები პირველივე წუთზე რაფინიამ დააწინაურა, მე-18 წუთზე კი ჰარი კეინმა გაათანაბრა ანგარიში. თითქოს, ამის შემდგომ თამაში "რეკორდმაისტერის" კარნახით უნდა წასულიყო, მაგრამ ინგლისელის გოლი მათთვის ბოლო დადებითი მომენტი აღმოჩნდა.

36-ე წუთზე "ბლაუგრანა" რობერტ ლევანდოვსკიმ გაიყვანა წინ, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე რაფინიამ დუბლი შეასრულა. 27 წლის ბრაზილიელმა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, 56-ე წუთზე ჰეთ თრიქიც მიითვალა.

შეხვედრის მიმდინარეობისა და საკუთარი ემოციების შესახებ რაფინიამ ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ და ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ.

უკვე "ელ კლასიკოზე" ვფიქრობთ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირებაა და ამჯერადაც ასე იქნება.

"ბაიერნს" შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც შევხვედრილიყავით. საკუთარი ფანების წინაშე ასე გამარჯვება საუკეთესო შეგრძნებაა. სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენი მდგომარეობის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის.

ვფიქრობ, ჩვენ მოედანზე ყველა კითხვას ვცემთ პასუხს," - თქვა რაფინიამ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე 6 ქულა აქვს აღებული და ლაივცხრილში მე-10 პოზიციაზეა. 26 ოქტომბერს ფლიკის შეგირდები ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის "რეალს" შეერკინებიან.


Facebook კომენტარები