"ბარსელონასთვის" აწ უკვე დასრულებული კვირა ფანტასტიკური გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაზე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მიუნხენის "ბაიერნი" გაანადგურეს, მერე კი ლა ლიგაში "რეალს" გადაურბინეს და სატურნირო ცხრილს 6-ქულიანი უპირატესობით ჩაუდგნენ სათავეში.
კატალონიური გრანდის ფეხბურთელებს მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ორდღიანი დასვენება გამოუწერა, თუმცა, როგორც ირკვევა, მათ მეტის მიღება სურდათ.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის თქმით, "ბერნაბეუს" გასახდელში, როცა მოთამაშეები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ისინი სკანდირებდნენ: "სამდღიანი დასვენება! სამდღიანი დასვენება!", რათა ფლიკი ამაზე დაეყოლიებინათ.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჰანსის დათანხმება მათ ვერ შეძლეს.
სხვათა შორის, ფეხბურთელებმა ბედი დღევანდელ სავარჯიშო სესიაზეც სცადეს. გუნდის თავკაცმა მათ გამოუცხადა, რომ ოთხშაბათს ყველანი ადგილზე უნდა იყვნენ.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩი "ბარსას" 3 ნოემბერს ელოდება. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეტოქე "ესპანიოლი" იქნება.