მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი 2024 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა უკანასკნელ საათებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" შვიდიანი პარიზში არ გაემგზავრება. მადრიდში რჩება "რეალის" მთელი დეგელაციაც. ამის მიზეზი ისაა, რომ მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოს France Football-ი და UEFA არა ვინისიუსს, არამედ "მანჩესტერ სიტის" ესპანელ ნახევარმცველს, როდრის გადასცემენ.
სხვათა შორის, ეს ამბავი კიდევ ერთ რამეს ნიშნავს: ვინისიუსი "ბარსას" 20 წლის შუახაზელს, პაბლო გავის დანაქადნებს ვერ აუსრულებს.
"ელ კლასიკოში", რომელიც კატალონიელთა 4:0 გამარჯვებით დასრულდა, გავიმ ვინის დემონსტრაციულად 4 თითი უჩვენა, ბრაზილიელმა კი მას ასეთი რამ უთხრა: "კი, კი, მაგრამ ორშაბათს მე ოქროს ბურთს მოვიგებ."
ორშაბათი დადგა, მაგრამ ვინისიუსის ოქროს ბურთი ახლა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აქვე გეტყვით, რომ დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.