"ბარსელონამ" 2024/2024 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. კატალონიელებს ლა ლიგის 11 მატჩში 37 გოლი აქვთ გატანილი, რაც მათ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია, და სატურნირო ცხრილს 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 3-დან 2 გამარჯვებით "ბარსა" პლეი ოფის პირდაპირი საგზურისთვის იბრძვის.
ცხადია, გუნდში არსებული განწყობა კიდევ უფრო აამაღლა მიუნხენის "ბაიერნთან" და მადრიდის "რეალთან" მიჯრით მოგებულმა შეხვედრებმა. პრინციპულ მეტოქეებს "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 4-4 ბურთი გაუტანეს.
ბევრი ფიქრობს, რომ "ბლაუგრანა" ახლა ფორმის პიკშია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი განსხვავებულ აზრზეა.
ჟურნალისტ ადრიან სანჩესის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა "ბარსას" ხელმძღვანელ პირებს უთხრეს, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
მაშასადამე, სეზონის დარჩენილ ნაწილში "ბარსასგან" კიდევ უფრო შედეგიანი ფეხბურთის თამაშს უნდა ველოდოთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "ესპანიოლის" წინააღმდეგ ელოდებათ. დაპირისპირება 3 ნოემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.