2022 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაფერი გააკეთა, რომ ფრენკი დე იონგი "ბარსელონადან" წასვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა ნიდერლანდელმა "წითელ ეშმაკებში" გადაბარგება მაინც არ ისურვა.
"ემიუს" ამაო მცდელობის შესახებ აქამდე უცნობი ამბავი დღეს The Athletic-მა გააჟღერა.
წყაროს თანახმად, "მანჩესტერის" მაშინდელმა თავკაცმა, ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის რამდენიმე ლეგენდას სპეციალური ვიდეომიმართვა ჩააწერინა, სადაც ისინი დე იონგს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც ირკვევა, დე იონგმა ამ ვიდეოს არც კი უყურა, მანკუნიელები კი პასუხის გარეშე დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშასადამე, ადამიანი, რომელსაც ფრენკის შეძენა ყველაზე მეტად სურდა, მანჩესტერში აღარ მუშაობს. ამ ფონზე, საინტერესოა, დარჩებიან თუ არა "წითელი ეშმაკები" ნიდერლანდელის მსურველთა რიგებში.