"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა "ნაიკთან" შეთანხმება მრავალწლიან კონტრაქტზე, რომელიც ძალაში მიმდინარე სეზონიდან შევა.
კატალონიურ გრანდს ხელშეკრულების დეტალები არ გაუსაჯაროვებია, თუმცა შესაბამის ცნობებს გვაწვდის Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო.
წყაროს თანახმად, კონტრაქტი ჯერ 4-წლიანი იქნება, შემდეგ კი ავტომატურად, 10 წლით გახანგრძლივდება. ამერიკული კომპანიისგან "ბლაუგრანა" სეზონში 127 მილიონ ევროს მიიღებს.
იმ თანხის სრული ოდენობა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ამ კონტრაქტით უნდა გამოიმუშავონ, 1.7 მილიარდი ევროა. ამ შემოსავლის გაოფიციალურება "ბარსას" ფინანსური ბარიერების გადალახვაში დაეხმარება. მაგალითად, იგი კლუბს ლა ლიგაში ფეხბურთელების დარეგისტრირებაში შეეშველება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" და "ნაიკის" თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო და, როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გასტანს.