"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩს ჩაატარებს და "რეალ სოსიედადს" სტუმრად დაუპირისპირდება. SPORT-ს თუ დავუჯერებთ, სანსებასტიანელებთან შეხვედრაში ჰანსი ფლიკი როტაციას მიმართავს.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი გუნდის 17 წლის ვარსკვლავს, ლამინ იამალს მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დააწყებინებს.
პრიმერას მიმდინარე სეზონში ეს სულ მეორე შემთხვევა იქნება, როცა იამალს "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ. პირველად ეს პამპლონაში, "ოსასუნას" წინააღმდეგ მოხდა და მართალია, შეცვლაზე შესულმა ლამინმა ულამაზესი გოლი გაიტანა, კატალონიელები მაინც დამარცხდნენ (2:4).
სკამზე შეიძლება დარჩეს "ბარსელონას" კიდევ ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი, პაუ კუბარსიც. ამის მიზეზი "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩში მიღებული დაზიანება იქნება.
SPORT-ის თქმით, თუ კუბარსი თამაშს ვერ შეძლებს, მას სერხი დომინგესი ჩაანაცვლებს.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.