1 კვირის და 4 დღის წინ
"ბარსა" ლევანდოვსკით კმაყოფილია, მაგრამ... -  2 ფორვარდი სამიზნეში
"ბარსა" ლევანდოვსკით კმაყოფილია, მაგრამ... - 2 ფორვარდი სამიზნეში

"ბარსელონას" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ 2024/2025 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. 36 წლის პოლონელს 16 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ წინა, ჩაგდებული სეზონის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ცხრიანი ძალიან ბევრმა ჩამოწერა.

ჟურნალისტ ადრიან სანჩესის ინფორმაციით, ლევანდოვსკის თამაში უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობაზეც.

კლუბში ფიქრობენ, რომ გარდა კონტრაქტით გათვალისწინებული ერთი სეზონისა, რომლის "ბარსაში" გატარებაც რობერტს ლამის ისედაც განაღდებული აქვს, ვეტერან ფორვარდს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზონ..

ცხადია, ეს არ გამორიცხავს "ბარსელონას" მიერ სხვა თავდამსხმელებზე ფიქრსაც.

"ვიქტორ გიოკერეში საინტერესო პროფილის შემტევია, რომელიც "ბარსას" მოკვლეული ჰყავს. მეორეს მხრივ, ჯონათან დავიდის საკონტრაქტო სიტუაცია კლუბისთვის მომგებიანია," - წერს სანჩესი.

ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, დეკუმ "სპორტინგის" შვედ ცხრიანზე მუშაობა უკვე დაიწყო, მისი შეძენა კი 60-70 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დავიდს, კანადელ ფეხბურთელს "ლილთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.


Facebook კომენტარები