ლა ლიგის მე-13 ტურში "ბარსელონა" "რეალ სოსიედადთან" დამარცხდა. შეხვედრის ბედი შერალდო ბეიკერის მიერ 33-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
"ბლაუგრანამ" საკმაოდ ცუდი მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარში ერთხელაც კი არ დაურტყამს ზუსტად. მიუხედავად ამისა, არსებობდა შანსი, თამაში განსხვავებული სცენარით წარმართულიყო, რადგან საწყის წუთებზე რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო სანსებასტიანელთა კარის აღება, გოლი კი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
არადა, სხვადასხვა რაკურსით ჩანს, რომ პოლონელის ფეხი მისი მეურვის ფეხზე უკან გახლდათ, ვიდეორეფერიმ კი სხვანაირად გადაწყვიტა. ერთ-ერთი ვერსიით, VAR-მა "ჩური ურდინის" მცველის ტერფი ლევანდოვსკის ტერფად შეაფასა და ამან განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება.
Movistar+-ის კამერებმა დააფიქსირეს ისიც, თუ რა უთხრა მატჩის მთავარმა არბიტრმა ჰანსი ფლიკს გოლის გაუქმების შემდეგ.
"თქვენ ამბობთ, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ არის. მე რისი გაკეთება შემიძლია? თქვენი გუნდისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მოგეწონებათ. თუ VAR-ი იძახის, რომ თამაშგარეა, რატომ მოვიგონებდით? მომისმინე, თამაშგარეს რატომ გამოვიგონებდით?" - უთქვამს კუადრა ფერნანდესს.
"ბარსას" ლა ლიგაში 33 ქულა დარჩა და "რეალთან" უპირატესობა 6 ქულაა, მაგრამ "სამეფო კლუბს" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.