როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავი, ლამინ იამალი ტრავმირებულია. მოარული ხმების თანახმად, კოჭის არეში მიღებული დაზიანების გამო, იგი "ბლაუგრანას" 2-3 კვირით გამოაკლდა.
ცხადია, ლამინს შემცვლელი სჭირდება. RAC1-ის ჟურნალისტ ხაუმე მარსეტს თუ დავუჯერეთ, იამალის საუკეთესო შემცვლელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებშივე მოიძებნება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ისიც ტრავმირებულია.
საუბარია 16 წლის გარემარბზე, ტონი ფერნანდესზე.
წყაროს თანახმად, ესპანელმა შემტევმა პრესეზონზე ჰანსი ფლიკზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კოჭის ტრავმის გამო, იგი დეკემბრამდე უქმობს, დაბრუნების შემდეგ კი პირველ გუნდშიც მიეცემა შანსი.
მაშინ, როდესაც იამალს დასვენება დასჭირდება, გერმანელი სპეციალისტი აქცენტს სწორედ "ლა მასიელზე" გააკეთებს.
ტონიმ მიმდინარე სეზონში სულ 4 მატჩში მოასწრო მონაწილეობა. "ბარსელონა ატლეტიკს" იგი 2 გოლითა და 1 ასისტით დაეხმარა.