"ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აგრძელებს მკურნალობას ჯვარედინი იოგების ტრავმაზე, რომელიც მან "ვილიარეალთან" მატჩში მიიღო. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ 32 წლის გოლკიპერისთვის სეზონი დასრულებული იყო, მაგრამ ესპანურ პრესაში ახლა განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.
SPORT-ის ინფორმაციით, მარკ-ანდრე მოედანზე შეიძლება 2025 წლის აპრილში ან მაისში ვიხილოთ.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტერ შტეგენმა მკურნალობის ახალ, განსაკუთრებულ მეთოდს მიმართა, რომელსაც მისი რეაბილიტაციის პერიოდის შემცირება ძალუძს. ამ მეთოდს ზურგს 23 წარმატებული შემთხვევა უმაგრებს, რაც, ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველია.
მკურნალობა ღეროვანი უჯრედების პაციენტის ძვლის ტვინიდან ამოღებაში, მათ სპეციალურ ლაბორატორიებში გაგზავნაში, 20 დღის განმავლობაში კულტივირებასა, მასზე დაკვირვებასა და საუკეთესო ნიმუშების კვლავ უკან დაბრუნებაში გამოიხატება.
ეს სპორტსმენს აძლევს საშუალებას, რომ წონებითა და გამძლეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ვარჯიში ჩვეულებრივზე ადრე განაახლოს. გარდა ამისა, იგი დაზიანებული მყესებსაც აღადგენს.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენის არყოფნაში, "ბარსას" კარს ინიაკი პენია იცავს. კლუბმა დაიმატა ვოიცეხ შჩესნიც, თუმცა პოლონელს თამაშის საშუალება ჯერ არ ეძლევა.