"ბარსელონას" ლეგენდამ, ჟერარ პიკემ SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.
კატალონიური გრანდის ყოფილ მცველს მოუწია ლაპარაკი როგორც "ბლაუგრანაში" გატარებული დროის, ასევე პეპ გვარდიოლასთან მუშაობის გამოცდილებისა და თავისი სამომავლო გეგმების შესახებ.
"იმ "ბარსელონაში" გასაოცარი ტალანტი იყო თავმოყრილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პეპთან თანამშრომლობა გახლდათ. ერთმანეთს კარგად ვიცნობდით და ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა.
პეპმა თამაშის წაკითხვა იცის და თავდაცვითა და თავდასხმით დავალებებს ზუსტად გაძლევს. იგი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა გუნდში კონცენტრაციის მაღალ დონეს.
ფეხბურთში დაბრუნება? შესაძლოა, მოგვიანებით ეს მართლაც მოხდეს, მაგრამ მე რამე განსხვავებული უნდა ვაკეთო. მწვრთნელობით დაინტერესებული არ ვარ. 20-წლიანი რუტინის მერე ცვლილება მჭირდება.
ძალიან გამიმართლა, რომ "კამპ ნოუზე" დიდი ხნით თამაშის ოცნება ავისრულე," - თქვა ჟერარმა.
შეგახსენებთ, რომ პიკემ საფეხბურთო კარიერა 2022 წლის ნოემბერში დაასრულა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მან 31 ტიტული მოიგო.