გუშინდელი "ელ კლასიკოს" შემდეგ "კამპ ნოუს" მინდორზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კონფლიქტის მთავარი მონაწილეები "ბარსელონას" სარეზერვო გოლკიპერი ინიაკი პენია და მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანი კარვახალი იყვნენ.
შემთხვევის დეტალურ აღწერას Mundo Deportivo გვთავაზობს:
"საფინალო სასტვენის მერე პენია თანაგუნდელებთან საზეიმოდ გაიქცა, მაგრამ გზაზე მას კარვახალი გადაეღობა, საჩვენებელი თითი აუწია და ხელი კისერზე მოხვია. ჟორდი ალბა ყურადღებით იყო და ფეხბურთელები გააშველა.
როცა კარვახალმა მოედანს ზურგი შეაქცია და გასახდელისკენ დაიძრა, პენიას მან რაღაც უთხრა, ინიაკი კი ამან ააფეთქა. "ბარსას" სარეზერვო მეკარე დანისკენ გაბრაზებული გაიქცა. მისი შეჩერება არაუხოს, რუდიგერს, კურტუასა და "რეალის" სტაფის წევრს მოუწიათ.
ამასობაში, ალბამ და "ბარსას" დელეგატმა კარლოს ნავალმა კარვახალს უთხრეს, რომ ცეცხლზე ნავთი აღარ დაესხა."
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა გუშინ მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 მოიგო. "ბლაუგრანას" გამარჯვება 92-ე წუთზე ფრანკ კესიემ მოუტანა.