ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა გაამხილა, რომ კარიერის მიწურულს, "ბარსელონაში" შეეძლო თამაში. ჯიჯიმ კატალონიურ გრანდთან დაკავშირებული სხვა განცხადებებიც გააკეთა.
"როცა "იუვენტუსი" დავტოვე, "ბარსელონამ" შემომთავაზა, რომ მათი სათადარიგო მეკარე ვყოფილიყავი. მესისთან თამაშის იდეა მომწონდა. კრიშტიანუ რონალდუს გვერდით ხომ უკვე ნათამაშები მქონდა.
"ბარსას" შეთავაზებას განვიხილავდი, მაგრამ იმ დროს რადიოს ვუსმენდი, იქ კი ძველი სიმღერა გაუშვეს. სიმღერა, რომელიც ბოლოს 10 წლის წინ მქონდა მოსმენილი. ამან "პარმა" გამახსენა. სიგნალი მივიღე. "პარმაში" უნდა დავბრუნებულიყავი, სადაც ყველაფერი იწყებოდა.
2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე ზურგზე ხელი ვიგრძენი. "ჯიჯი, შეიძლება მაისურები გავცვალოთ?" - მკითხა მესიმ. ყველაზე დიდებული ფეხბურთელები ამპარტავნები არასდროს არიან ხოლმე.
2015 წლის "ბარსელონა" და 2017 წლის "რეალი" ბოლო 20 წლის საუკეთესო გუნდები არიან.
საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგია? ნეიმარი. ეს ბიჭი ისე თამაშობდა, 5 ოქროს ბურთი უნდა მოეგო," - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯიმ "იუვე" მეორედ 2021 წლის ზაფხულში დატოვა. საბოლოო ჯამში, მას რომ "ბარსა" აერჩია, მესისთან თამაშის სურვილს მაინც ვერ აისრულებდა, რადგან იმ ზაფხულს არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენს" მიაშურა.