"ბარსელონას" არგენტინელმა ლეგენდამ, ლიონელ მესიმ TV3-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰანსი ფლიკის ფორმაციისა "ბლაუგრანასა" და მისი ახალგაზრდების ბრწყინვალე ასპარეზობის შესახებ ისაუბრა.
"ძალიან ამაყი ვარ იმის ყურებით, თუ როგორ წარმოადგენს "ბარსელონას" პირველი გუნდი კლუბს ახლა.
"ბარსა" შესანიშნავია, თუმცა ეს მე არ მაკვირვებს. ახალი არაფერია. ყოველთვის ასე ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მას მერე მაინც, რაც კლუბში მივედი, 13 წლისა.
გასაოცარი ამბავია, რომ ამ ბავშვებს ბოლო ორ წელიწადში ასეთი შანსები მიეცათ. როდესაც მათ ენდობი, ისინი ასე გპასუხობენ, რადგან კლუბს მათზე კარგად არავინ იცნობს.
ახალგაზრდები "ბარსას" სტილში თამაშს პატარაობიდან ეჩვევიან. მათთვის შესაძლებლობების მიცემა ასეთ შედეგებს იწვევს. ჩვენს დროსაც ასე მოხდა," - თქვა "ლა პულგამ".
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა", რომლის ლიდერებიც (სხვებთან ერთად) 17 წლის ლამინ იამალი, 17 წლის პაუ კუბარსი და 20 წლის მარკ კასადო არიან, ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაზეც დამაჯერებლად გამოიყურება.