ვიგოს "სელტასთან" მატჩში ქულები "ბარსელონას" მარკ კასადოს გაძევებამ და ჟულ კუნდეს მიუტევებელმა შეცდომამ დააკარგვინა, თუმცა ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივრებისგან ყველაზე დიდი კრიტიკა მოხვდა, ფრენკი დე იონგი გახლდათ.
ფრენკი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, ამის შემდეგ კი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თამაშზე კონტროლი სრულად დაკარგეს. დე იონგის მოქმედება უკეთესის სურვილს ტოვებდა ასტურიელთა მეორე გოლის ეპიზოდშიც.
27 წლის შუახაზელმა 3-დან სულ ერთი ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და პოზიციის შერჩევაც უჭირდა.
"ბლაუგრანას" გულშემატკივართა ნაწილმა სოციალურ ქსელში დე იონგის საწინააღმდეგო კამპანიაც დაიწყო. "გაუშვით გუნდიდან!" "ის მოხეტიალე ნიდერლანდელია" - ასეთ კომენტარებს მრავლად შეხვდებოდით.
ფრენკის გაყიდვა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასაც შეიძლება დაუჯდეს ჭკუაში, რადგან მის კონტრაქტს ვადა 2026 წლის ივლისში ეწურება, ფეხბურთელი კი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში დე იონგს თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.