ესპანური SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი წერს, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი გუნდის მიერ ბოლო ხანებში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოა.
"ჰანსი ფლიკი მონდომების ნაკლებობას ხედავს და ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში ზოგიერთი მოთამაშე მოდუნდა. ინტენსივობაში ვარდნა მან "ესპანიოლთან" მატჩიდან შენიშნა და განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ ფეხბურთელებს ბურთის ფლობაშიც და პრესინგშიც ნაკლები შიმშილი ეტყობათ. ფლიკი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფოკუსირებას ითხოვს და არა მომენტალურ გაელვებებს," - ვკითხულობთ ხუანმარტის სტატიაში.
ამავე აზრზეა Mundo Deportivo-ს ხავიერ გასკონიც:
"ჰანსი ფლიკმა ყურადღების გაფანტვაზე "ესპანიოლთან" შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, მაგრამ გერმანელი მაშინ იმედოვნებდა, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევა იყო. მიუხედავად ამისა, ზედიზედ ჩატარებული ცუდი მატჩების მერე, ჰანსი მაქსიმალურ სიმკაცრეს გამოიჩენს. მისი პრიორიტეტი ინტენსივობის აღდგენაა, რაც ბურთის უსწრაფესად დაბრუნებაში უნდა გამოიხატოს.
მესიჯი აშკარაა: გუნდი დროულად უნდა გამოსწორდეს, ან ცვლილებები იქნება."
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში "ბარსამ" ზედიზედ ორჯერ დაკარგა ქულები. კატალონიელებმა ჯერ "სოსიედადთან" წააგეს, მერე კი "სელტას" ვერ მოუგეს.
ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათიდან "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტს" შეხვდება.