"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ინიგო მარტინესმა "ბრესტთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე 17 წლის თანაგუნდელის, ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა.
ევრო 2024-ის საუკეთესო ახალგაზრდა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ხვალინდელ შეხვედრაშიც დააკლდება, რაც მათთვის დიდი პრობლემაა.
"როდესაც იამალი მოედანზეა, მეტოქეები ნაბიჯს უკან დგამენ ხოლმე. მას ჩვენი შეტევისთვის უნიკალური ენერგია მოაქვს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. მთავარია, რომ როცა საჭირო მომენტი დადგება, საკუთარი უნარები ყველამ გამოავლინოს.
გასახდელი ახალგაზრდებითაა სავსე. ეს ძალიან მომწონს. მე მევალება, რომ ახალგაზრდებს თავი კომფორტულად ვაგრძნობინო; შევახსენო, რომ ისიამოვნონ და გუნდის სტანდარტების დაცვას შევუწყო ხელი. ჩვენ ყველანი ერთად ვიზრდებით," - თქვა ინიგომ.
შეგახსენებთ, რომ იამალს მიმდინარე სეზონში სულ 3 მატჩი არ აქვს დაწყებული სასტარტო შემადგენლობიდან. ამ 3-დან ორჯერ "ბარსა" დამარცხდა, ერთხელ კი ფრე ითამაშა.
"ბრესტთან" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.