3 კვირის წინ
"ბარსა" ამაში შეუდარებელია - მოულოდნელი სტატისტიკა
"ბარსა" ამაში შეუდარებელია - მოულოდნელი სტატისტიკა

"ბარსელონა" 2024/2025 წლების სეზონს საკმაოდ წარმატებულად ატარებს. კატალონიელები ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ, ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში კი საპატიო, მესამე პოზიციას იკავებენ. უდიდესი წვლილი ამაში "ბლაუგრანას" თავდამსხმელთა ეფექტურ თამაშს მიუძღვის, რაც გატანილი გოლების რაოდენობაში გამოიხატება, მაგრამ უყურადღებოდ არც დაცვითი ქმედებები უნდა დაგვრჩეს.

მაგალითად, Mundo Deportivo-მ შენიშნა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სტანდარტული მდგომარეობებისას ლამის იდეალურად მოქმედებენ.

"ბარსას" მეტოქის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან გოლი ჯერ არ გაუშვია, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ბედი 98-ჯერ ცადა. თანაც, სიმაღლე "ბარსას" ფეხბურთელების მთავარი უპირატესობა ნამდვილად არ არის.

გარდა ამისა, ჰანსი ფლიკის გუნდის კარი არ აუღიათ არც საჯარიმო დარტყმიდან (არც პირდაპირ დარტყმით და არც ჩაწოდების შედეგად).

ერთადერთი სტანდარტული მდგომარეობა, რომლიდანაც "ბლაუგრანამ" ამ სეზონში გოლი გაუშვა, პენალტია.

აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა კატალონიელებს 7 დეკემბერს ელოდებათ. მათი მეტოქე "ბეტისი" იქნება.


Facebook კომენტარები