"ბარსელონას" ლიონელ მესის დაბრუნება სურს და არგენტინელისთვის სასურველ შეთავაზებაზე მუშაობს, - იუწყება Mundo Deportivo.
ფინანსური რეგულაციებიდან გამომდინარე, კატალონიური გრანდი 35 წლის მეგავარსკვლავს დიდ ხელფასს ვერ გადაუხდის. მაშასადამე, ლეოს ანაზღაურების შემცირება მოუწევს, "ბლაუგრანას" კი ამის საკომპენსაციო ხერხი უკვე მოფიქრებული აქვს.
ჟურნალისტ როხერ ტორელოს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს შესთავაზებენ წილს იმ შემოსავლიდან, რომელსაც კლუბს ლეოს ტრანსფერი მოუტანს.
"ბარსაში" დარწმუნებულნი არიან, რომ მესის დაბრუნება დადებითად აისახება სასპონსორო ხელშეკრულებებზე, გაყიდულ ბილეთებსა და მაისურებსა თუ სხვა აქსესუარებზე.
ჯერჯერობით გაურკვეველია, დასთანხმდება თუ არა ლა ლიგა მსგავს კონტრაქტს. როგორც პაბლო გავის საქმემ აჩვენა, ეს ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რათა "ბარსელონას" ზიანი მიადგეს.
შეგახსენებთ, რომ მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. "პარი სენ ჟერმენს" მიმდინარე სეზონში ის 18 გოლითა და 17 ასისტით დაეხმარა.