12 საათის და 3 წუთის წინ
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - ლაპორტას ხმაურიანი განცხადებები
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - ლაპორტას ხმაურიანი განცხადებები

"ბარსელონას" წევრთა ასამბლეამ "ნაიკთან" გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულება დაამტკიცა. მხარი მას 419-მა დელეგატმა დაუჭირა, 27 დელეგატი კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.

პროცედურის ჩატარებამდე, ასამბლეას "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა მიმართა. ჟოან ლაპორტამ ხელშეკრულების სიკეთეებზე ისაუბრა.

"ნაიკთან" ჩვენი კონტრაქტი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდთან დადებული საუკეთესო ხელშეკრულებაა სპორტის ისტორიაში.

ჩვენ ერთმანეთის ნდობა დავკარგეთ და "ნაიკი" სასამართლოში უნდა წაგვეყვანა, თუმცა კომპანიამ მოგვისმინა და კონფლიქტებით სავსე რთული პერიოდის შემდეგ, შევთანხმდით. ჩვენი ურთიერთობის აღსადგენად მედიატორიც გვყავდა მოწვეული.

ახალი ხელშეკრულება კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. "ბარსას" წევრებს ფულის საპოვნელად ჯიბეების მოჩხრეკვა აღარ მოუწევთ.

მომართულები ვართ, რომ "ბარსას" აღორძინება ყველა პრობლემურ ასპექტში მოხდეს. ამ კონტრაქტის წყალობით, "ბარსელონა" საფეხბურთო სამყაროს წინა ხაზს დაუბრუნდება.

ჩვენ არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ საშუალოვადიან მომავალზეც ვფიქრობთ. კონტრაქტს აღმავალი ტრაექტორია აქვს. იგი ითვალისწინებს ფიქსირებულ თანხასა და ნაჩვენებ დონესთან დაკავშირებულ ბონუსებს, თუმცა არა ჯარიმებს," - თქვა ლაპორტამ.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ამერიკულ კომპანიასთან "ბლაუგრანამ" 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეზონში კატალონიელები 140 მილიონ ევროს მიიღებენ. Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, 10 წელიწადში კლუბის სრული შემოსავალი 1.4 მილიარდი ევრო იქნება, ხელმოწერის ბონუსის ღირებულება კი 158 მილიონი ევროა.


Facebook კომენტარები