"ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რაფინიამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში ორი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან. 28 წლის გარემარბის დარტყმული ბურთი ერთხელ ხარიხამ მოიგერია, ერთხელ კი იან ობლაკმა.
როგორც ჩანს, რაფინია წუხანდელ მარცხში სწორედ საკუთარ თავს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრა.
"ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. გუნდი კარგად მოქმედებდა. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ შედეგი, თუმცა შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის, რასაც მინდორზე ვაკეთებთ.
მარცხს ჩემს თავზე ვიღებ. საბოლოო ჯამში, მე რეალური შანსი გავაფუჭე, რომლის მერეც მათ ანგარიში გაათანაბრეს, ბოლო გოლი კი ჩემს არაზუსტ გადაცემას მოჰყვა. დღევანდელი წაგება მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება ასეთია.
გვჯერა იმ შრომისა, რომელსაც ვეწევით. ნახევარი ლა ლიგა ჯერ კიდევ სათამაშოა," - თქვა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში რაფინიას მონაგარი 17 გოლი და 10 ასისტია.