მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში პაბლო გავიმ რობერტ ლევანდოვსკი დატუქსა. ამის შესახებ საინტერესო ცნობებს SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი გვაწვდის.
ესპანელი ნახევარმცველის უკმაყოფილების მიზეზი ის გახლდათ, რომ 36 წლის თავდამსხმელი მეტოქეს არ აპრესინგებდა. შეხვედრის 35-45 წუთებში, "როხიბლანკოს" ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე მოედნის ცენტრში ბურთიანად ადიოდა და ლამის ნახევარმცველის ფუნქციებს ითავსებდა, რაც სწორედ რობერტის პასიურობით იყო განპირობებული.
ამის შემხედვარე, გავი ლევანდოვსკის საკმაოდ შორიდან უყვიროდა და მას ჟესტიკულაციითაც ანიშნებდა, რომ ფრანგი უკანახაზელი წნეხში მოექცია. მსგავსი რამ რამდენჯერმე განმეორდა.
20 წლის ესპანელმა პირველი ტაიმის ბოლოს რობერტს თავისი შეშფოთების მიზეზი პირადადაც უთხრა. მათი დიალოგი 10-15 წამის განმავლობაში გაგრძელდა.
ხუანმარტის თქმით, გავი ვერც ცხრიანთან გასაუბრებამ დაამშვიდა და ამის შესახებ ნახევარდაცვაში თავის პარტნიორს, პედრისაც უთხრა.
შეგახსენებთ, რომ პაბლომ "როხიბლანკოსთან" წაგებულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება ლევანდოვსკის, მან ერთი, ძალიან რეალური მომენტი გაატანა ქარს, რითაც ისედაც მომრავლებული კრიტიკოსების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.