1 წლის და 1 თვის წინ
ვის გაუშვებს "ბარსელონა" - შავი სია შემდგარია
ვის გაუშვებს "ბარსელონა" - შავი სია შემდგარია

Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი გაგვაცნო, რომლებსაც ზაფხულში "ბარსელონადან" გაშვება ემუქრებათ.

დაცვის ხაზში წამსვლელი მხოლოდ ერთი მოთამაშეა. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ "კამპ ნოუს" ერიკ გარსია დატოვებს. ამის შანსს ინიგო მარტინესის ტრანსფერი კიდევ უფრო გაზრდის.

შემადგენლობის წევრი ყველა სხვა მცველი, ჟორდი ალბას ჩათვლით, სამწვრთნელო შტაბის სრული ნდობით სარგებლობს.

"ბლაუგრანა" შეელევა პაბლო ტორესაც. 18 წლის ნახევარმცველს კლუბი ლა ლიგის რომელიმე გუნდში გაანათხოვრებს. მისი გაყიდვა არ განიხილება. მწვრთნელები დარწმუნებულნი არიან, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე გატარებული კიდევ 1 წელი ტორეს განვითარებას ძალიან შეაფერხებს.

ორი თავდამსხმელი, რომლებმაც შეიძლება "ბარსა" დატოვონ, ანსუ ფატი და ფერან ტორესი არიან. ხელმძღვანელობას დამატებითი შემოსავალი სჭირდება, რათა სასურველი ტრანსფერები განახორციელონ. 

მიგელი წერს, რომ ფერანის სანაცვლოდ კატალონიურმა გრანდმა სულ მცირე 35 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში აიცილებს იგი ზარალში წასვლას. ტორესის გაშვება წმინდა ეკონომიკური მიზნებით იქნება გამართლებული, რადგან სამწვრთნელო შტაბი მას ისევ გამოსადეგ მოთამაშედ განიხილავს.

რაც შეეხება ანსუს, მისი მომავალი კლუბში კვლავ განხილვის საგანია. ერთი ფლანგის არგუმენტები ის გახლავთ, რომ ფატის გაყიდვით კლუბს საკმაოდ დიდი თანხის მოხვეჭა შეეძლება და დიდად იმედისმომცემი არც ფეხბურთელის ფიზიკური მონაცემებია. მეორე მხრივ, ანსუმანე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მისი ტალანტი არსად გამქრალა.

ჟურნალისტის თქმით, ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად სხვა კლუბებშია განათხოვრებული, ასევე გაყიდვის კანდიდატია.


Facebook კომენტარები