logo

ლეო მესის 10 ყველაზე დიდი მტერი კარიერაში

ლეო მესის 10 ყველაზე დიდი მტერი კარიერაში

ლიონელ მესი 33 წლის გახდა. 33 წელი ის ასაკია, როდესაც ადამიანებს და მით უმეტეს, სპორტსმენებს, დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვებული. 

ბუნებრივია, ეს გამოცდილება ყოველთვის საუკეთესო არ გახლავთ. ლეოს კარიერაშიც იყო მომენტები, რომლებმაც ის მიწაზე დასცეს. თუმცა ლეგენდებს სწორედ ის განასხვავებთ რიგითი პიროვნებებისგან, რომ ყოველი დაცემის შემდეგ უფრო მაღალ სიმაღლეზე აფრინდებიან ხოლმე.

მაშ ასე, გთავაზობთ 10 ყველაზე დიდ მტერს, რომელიც "ლა პულგას" საფეხბურთო ავანსცენაზე დგომის ჟამს ჰყოლია.

და გთხოვთ, მტრებში მაინცდამაინც დამბაჩებით ხელში, ერთმანეთის პირისპირ მდგარ ადამიანებს ნუ წარმოიდგენთ. აქ საუბარი გვექნება მათზე, ვინც "ბარსას" ათიანს სხვადასხვა დროს საქმე ძალიან გაუფუჭეს.

1. კრიშტიანუ რონალდუ

ბუნებრივია, ამ ათეულში პორტუგალიელი მონსტრი პირველ პოზიციაზე უნდა იყოს. საპირისპიროდ, კრიშტიანუს მეტოქეების სიასაც რომ ვადგენდეთ, იქ პირველობას ლეოც არავის დაუთმობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ტიტანს ერთმანეთთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს (კამერების წინ მაინც, სახლში ვახშმობისას რას ამბობენ ერთმანეთზე, ნამდვილად არ ვიცი), სწორედ ერთმანეთთან ქიშპმა აქცია ისინი იმად, რაც დღეს არიან.

ლეოს რომ რონალდუს დარი მეტოქე არ ჰყოლოდა, შესაძლოა, მისი დომინაცია ამდენი წლის მანძილზე არც გაგრძელებულიყო, რადგან ერთ გენიას ყოველთვის სჭირდება მეორე, ვისთან ბრძოლაშიც დაამტკიცებს თავის ძალას.

2. მარიო გიოტცე

მესის კარიერაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია. ბრაზილიის მიწაზე "ალბისელესტეს" გაჩემპიონებაში მას ხელი ბევრმა შეუშალა (ამაზე ქვემოთაც ვისაუბრებთ), მაგრამ ბოლო გასროლა გიოტცემ განახორციელა.

მარიომ დამატებითი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე აიღო სერხიო რომეროს კარი და ალემანებს ტიტული მოუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა გერმანელმა ლეოსთან ერთად ფოტოც გადაიღო, თუმცა, ალბათ, ამ მომენტში ლეოს ღიმილის უკან ის წყელვა-კრულვა იმალებოდა, რომელსაც იგი მარიოს უგზავნიდა იმ საბედისწერო დარტყმისთვის.

3. სერხიო რამოსი

"ბარსას" ათიანი რამოსისთვის ღამის კოშმარია, თუმცა ამის თქმა (ბუნებრივია, ნაკლებად გამძაფრებულად) საპირისპიროდაც შეიძლება.

2014 წლის ლისაბონის ფინალიდან მოყოლებული, რამოსის ოქროს გოლებმა მესისთვის ყველაზე საძულველ გუნდს ტიტულების დიდი რაოდენობა მოუპოვა.

გარდა ამისა, "ბლანკოსის" კაპიტანი ყოველთვის განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა არგენტინელის წინააღმეგ. დარწმუნებული ვარ, გასული "ელ კლასიკოებიდან" ყველას დიდებულად გახსოვთ ის 2 წითელი ბარათი, რომელიც სერხიომ სწორედ ლიონელთან ორთაბრძოლაში მიიღო.

არ დაგავიწყდებოდათ ის შეკამათებებიც, რომლებიც "ბარსასა" და "რეალის" ლიდერებს 2017 წლის სუპერთასსა და ლა ლიგის 2019 წლის მატჩებში მოუვიდათ.

4. გონსალო იგუიანი

და მივადექით იმ ფენომენს, რომლის გარეშეც ეს სია არ იქნებოდა.

"პიპიტა" ლეოს თანამემამულეა და მათ არგენტინის ნაკრებიდან დიდი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ბოლო 3 ფინალიდან გამომდინარე, მათი ამხანაგობა შეიძლება გვარიანად შერყეული იყოს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2015/2016 წლების კოპა ამერიკის ფინალებში გონსალომ ურეალურესი მომენტები გააცუდა.

გარდა ამისა, 2015 წელს მან ჩილესთან საფინალო პენალტების სერიაშიც ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

იგუაინს ამ სამი ფინალიდან რომელიმეში მაინც რომ გამოეღო ხელი (განსაკუთრებით, პირველში), თავს დავდებ, აქ ნამდვილად არ მოხვდებოდა, თუმცა, რას ვიზამთ.

5. როდრიგო პალასიო

სადაც იგუაინი ვახსენეთ, იქ პალასიოს დაჩაგვრა ცუდი საქციელი იქნებოდა.

როდრიგოს სამ ფინალში არ გაუფუჭებია 100%-იანი შანსი, თუმცა 2014 წლის მუნდიალის ფინალში მანაც შეირცხვინა თავი.

დამატებით დროში გამოცდილი ფორვარდი მანუელ ნოიერთან პირისპირ აღმოჩნდა. დაბლა დარტყმული ბურთი არგენტინას ფაქტობრივად ჩემპიონობას უნაღდებდა, მაგრამ პალასიომ მანუსთვის ტყავის სფეროს თავზე გადადგება მოინდომა და საბოლოოდ, ურეალურესი მომენტიც გაფლანგა.

ამ მომენტიდან მალე 6 წელი შესრულდება, თუმცა ჯერაც ვერ გაგვირკვევია, რანაირდ მივიდა პალასიო იმ დასკვნამდე, რომ ნოიერისთვის ბურთის თავზე გადადგება წარმატებული მცდელობა იქნებოდა.

6. ალექსის სანჩესი

ალექსისი და ლეო 3 წლის მანძილზე "ბარსელონას" თავდასხმას ერთად განკარგავდნენ, თუმცა მათი შუღლი სანაკრებო ასპარეზზე გამოიხატება.

სანჩესმა ჩილეს ნაკრებთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოუგო კოპა ამერიკის ფინალი "ალბისელესტეს" კაპიტანს.

სხვათაშორის, 2016 წელს სწორედ ალექსისი დასახელდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად.

მესიმ მომდევნო სანაკრებო ტურნირები რომ სულ პანტა-პუნტით მოიგოს, ალბათ, ვერაფერი გამოასწორებს იმ ტკივილს, რომელიც სანჩესმა და მისმა ჩილემ მიაყენეს "ლა პულგას".

7. კეპლერ პეპე

ამ სახელისა და გვარის გაგონებაზეც კი გაგაჟრიალათ, არა?

პორტუგალიელი ცენტრალური მცველი სიკვდილის მანქანა გახლდათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.

ლეოსა და პეპეს დაპირისპირებიდან უამრავი ბრუტალური მომენტის გახსენება შეიძლება, თუმცა ის კადრი, როცა კეპლერი მესის ხელის მტევანზე განზრახულად აბიჯებს, ალბათ ყველას თვალწინ გვიდგას.

ვინ, ვინ და პეპე, "ბარსას" კაპიტნისთვის ნამდვილად საძულველი ფიგურაა.

8. როისტონ დრენტე

ნიდერლანდელი ნახევარმცველი ერთ-ერთია იმათგან, ვისაც მესისთვის სერიოზული ბრალდება აქვს წაყენებული.

რეალმოყირჭებულ დრენტეს ლეოსთან კონფლიქტი მაშინ მოუვიდა, როცა თავად "ჰერკულესში" ასპარეზობდა. 

როისტონმა მაშინ "ლა პულგა" რასიზმში დაადანაშაულა.

9. დიეგო მარადონა

არგენტინული და ბევრის აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ღმერთი როგორ შეიძლება შენი მტერი იყოს? აი ასე:

2010 წელს, როდესაც ლეო კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებდა, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებს სწორედ დიეგო წარუძღვა.

ფეხბურთელების სელექციიდან დაწყებული, ტაქტიკური გადაწყვეტილებებით დამთავრებული, მარადონამ ყველაფერი ცუდად გააკეთა და ტურნირიც "ალბისელესტესთვის" მეოთხედფინალში დასრულდა - 0:4 გერმანიასთან.

მუნდიალი, რომელზეც მესის ფანები უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, მაშინ სულ რაღაც 23 წლის ვარსკვლავისთვის უგოლოდ ჩამთავრდა.

10. ხოსეპ მარია ბართომეუ

ვინც აქ ერნესტო ვალვერდეს ელოდით, ნურას უკაცრავად!

ერნესტო ვალვერდეც, კიკე სეტიენიც, ნეიმარ ჟუნიორის გაშვებაც, ანტუან გრიზმანის, ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ჩავარდნილი ტრანსფერებიც, ბოტების სკანდალიც, ბორდში განხეთქილებაც და ა.შ - ყველაფერი ეს ერთი კაცის კისერზეა.

ამ კაცს კი "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტი უკავია.

ალბათ, არ იქნება უსამართლო თუ ვიტყვით, რომ ბართომეუზე დიდი მტერი (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით) მესის კარიერაში არ ჰყოლია.

2 კვირის წინ
7375 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ