

მილანის "ინტერი" ზაფხულში ლიონელ მესის დამატებას ეცდება, - წერს ჟურნალისტი სერხიო გონსალესი.
ჟურნალისტის თქმით, მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. გონსალესი აღნიშნავს, რომ არგენტინელი მეგავარსკვლავის გაფორმებაში "ნერაძურის" შეიძლება ლეოს თანამემამულე ხავიერ ძანეტი დაეხმაროს, რომელიც ახლა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
მილანურ გუნდში მესის ნაცნობები უხვად დახვდებიან. "შავ-ლურჯების" რიგებში ახლა 3 არგენტინელი ასპარეზობს: ლაუტარო მარტინესი, ხოაკინ კორეა და ვალენტინ კარბონი.
"ინტერნაციონალეს" "ლა პულგას" 2020 და 2021 წლებშიც უკავშირებდნენ, მაგრამ "ჯუზეპე მეაცაზე" ლიონელის გადაბარგება ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის ვადა მესის ივლისში ეწურება. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 18 გოლი და 17 ასისტია.