

ლიონის ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ აშკარად გახდა, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის.
როგორც, მადრიდის ატლეტიკოსთან დაახლოებული წყარო, Esto es Atleti იუწყება, ჟორჟის მსურველთა სიაში როხიბლანკოც ჩაეწერა:
"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან ნაადრევად გავარდნამ ნათლად აჩვენა, რომ მადრიდის ატლეტიკოს შეტევის ხაზში არსებული პრობლემები არსად წასულა. გუნდს საგოლე შანსები ყველა მატჩში ჰქონდა, თუმცა, მათი რეალიზაცია ძალიან უჭირდა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ატლეტიკო შეჯიბრს სწორედ ბურთების ცუდი სხვაობის გამო გამოეთიშა.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ალეკსანდრ სორლოტი იყო, რომელსაც კარგი შანსი მიეცა დიეგო სიმეონესთვის საკუთარი საჭიროება დაემტკიცებინა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. უგოლოდ დარჩა მადრიდელთა საუკეთესო ბომბარდირი ხულიან ალვარესიც. მის აქტივში მხოლოდ ერთი საგოლე პასი იყო ანტუან გრიზმანზე. სწორედ ამ ფონზე ატლეტიკო ახალი თავდამსხმელის ძიებაზე ფიქრობს და ის ნამდვილად არ იქნება ვიკტორ გიოკერეში.
ალვარესს რომ მაღალი დონის მეწყვილე სჭირდება, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. არგენტიმელმა თავდამსხმელმა ატლეტიკოში გატარებულ პირველივე სეზონში 29 გოლი შეაგდო, თუმცა, მისი ახალი კლუბი მაინც ტიტულის გარეშე დარჩა. ახლა, ჯერი მადრიდელთა სპორტულ დირექტორებზეა, რომელთაც სატრანსფერო ბაზარზე შესაბამისი აქტიურობა მართებთ.
ვანდა მეტროპოლიტანოზე რამდენიმე პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობენ, ერთ-ერთი მთავარი კი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება იქნება. იწერებოდა, რომ ატლეტიკოს მთავარი სამიზნე სპორტინგის ვარსკვლავი გიოკერეში იყო, თუმცა, ახლა, დედაქალაქელები ამ ბრძოლას ჩამოშორებულნი არიან, შვედი შემტევის მომავალ კლუბად კი ლონდონის არსენალი მოიაზრება.
სამაგიეროდ, ატლეტიკო აპირებს იმ მოულოდნელი პრობლემით ისარგებლოს, რაც ფრანგულ ლიონს შეექმნა. ოლიმპიკელები ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, რის მერეც მადრიდელები სერიოზულად დაინტერესდნენ ლიონელთა შემტევ გიორგი მიქაუტაძით. ქართველმა შემტევმა გასული სეზონი 17 გოლითა და 11 საგოლე პასით დაასრულა და არაერთი კლუბის ინტერესი მიიპყრო.
მანამდე, მიქაუტაძეს ჩინებული პერიოდი ჰქონდა ფრანგულსავე მეცში, რომლის მაისურითაც 64 მატჩში 38 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი, ევრო 2024-ის ერთ-ერთი ბომბარდირი და აღმოჩენა გახდა. მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 22 მილიონი ევროა, თუმცა, ლიონში არსებული პრობლემები შესაძლებელს ხდის, რომ ნაკლებ ფასადაც გაყიდონ", - წერს გამოცემა.



