"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა Relevo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გამოცდილ სპეციალისტს შეკითხვა "ბლაუგრანადან" წასვლასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
"არ ვიცი, მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლება ფეხბურთის ნაწილია. ტექნიკურმა ჯგუფმა და ხელმძღვანელობის წევრებმა მითხრეს, რომ გუნდისთვის ბევრი გავაკეთე. ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კი მადლობას მიხდიდნენ, რადგან მათ ჩემ ხელში ჰქონდათ დებიუტი.
თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ მწვრთნელში ეჭვი ეპარება, ეს პრობლემაა. უსამართლობა სწორედ ამაში მდგომარეობდა.
მიუხედავად ამისა, ყველაფერი წარსულში დარჩა. ახალი ფურცელი გადავშალე. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ასეთი გამოცდილებიდან სწავლობ," - თქვა კუმანმა.
ჟოან ლაპორტას მისდამი დაეჭვებაში რონალდი 2020/2021 წლების ბოლოს გულისხმობს, როცა პრეზიდენტი ხმამაღლა აცხადებდა, რომ არ იცოდა, დატოვებდა თუ არა გუნდში ნიდერლანდელს.
საბოლოოდ, კუმანმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შორის 2021 წლის ოქტომბრის ბოლომდე იმუშავა, პოსტი კი "რაიო ვალეკანოსთან" წაგების შემდეგ დაატოვებინეს.
ახლა "ბარსას" ლეგენდა ისევ ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საფრანგეთთან ანგარიშით 0:4 წააგო, გიბრალტარს კი 3:0 მოუგო.