ლიონელ მესის "პსჟ-სთან" კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის. მოარული ხმების თანახმად, "ბარსელონა" ზაფხულში არგენტინელი მეგავარსკვლავის დაბრუნებას აუცილებლად ეცდება.
მიუხედავად ამისა, თუ "ბლაუგრანას" დირექტორ ჟორდი კრუიფის მიერ Diario SPORT-თან ინტერვიუში გაჟღერებულ მოსაზრებებს დავეყრდნობით, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის კვლავ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ხილვას ნაკლებად უნდა ველოდოთ.
"როცა მესიზე ვსაუბრობთ, ბევრი შეკითხვა ჩნდება. მაგალითად, ფეარ პლეი. ოცნება უფასოა, ფეხბურთელები - არა. ეს არა მარტო მესის, არამედ ზოგადად სატრანსფერო ბაზარს ეხება.
როდესაც ორი დიდი ფიგურა ერთად აღწევს წარმატებას (ბარსელონა და მესი), მნიშვნელოვანია, რომ მათი თანამშრომლობა ჩახუტებით დამთავრდეს. ამას ორივე მხარე იმსახურებს და ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ ერთ დღეს საბოლოო ჩახუტება შედგეს," - თქვა კრუიფმა.
ბოლო ცნობების მიხედვით, არგენტინელი "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულებას კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს, კარიერის დასასრულებლად კი "ინტერ მაიამის" მიაშურებს.
ბუნებრივია, მესის გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უნდა ველოდოთ.